სამართალდარღვევა, რომელიც ერთხელ მაინც ჩაგვიდენია

სამართალდარღვევა, რომელიც   ერთხელ მაინც ჩაგვიდენია...


    ალბათ,თითოეულ  ჩვენგანს ერთხელ მაინც გამოგვიყენებია კონკრეტული პიროტექნიკური ნაკეთობა სასიხარულო ამბის აღსანიშნავად. პიროტექნიკურ ნაკეთობაში იგულისხმება საახალწლო ასაფეთქებელი ნივთიერებები, ფოიერვერკი, სასცენო ეფექტების შესაქმნელად გამოყენებული სინათლე კვამლი და ხმაურის გამომწვევი საშუალებანი(აქ არ იგულისხმება განათების აპარატურა) მათ შორის ეგრეთ წოდებული ,,შაშხანები“ თუმცა საინტერესოა ის ფაქტი, რომ პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენება ღამის საათებში, გარდა საგამონაკლისო შემთხვევებისა, წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის  თანახმად ღამის საათებში პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენება – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირისა – 500 ლარის ოდენობით. ზემოაღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენიდან 1 წლის განმავლობაში იმავე ქმედების მეორედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენა – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირისა – 1000 ლარის ოდენობით. ამ მუხლის მიზნებისათვის ღამის საათებში იგულისხმება დრო 23:00 საათიდან 08:00 საათამდე. თუმცა საინტერესოა ისიც, რომ აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება ახალი წლის სადღესასწაულო დღეებზე (31 დეკემბრის 21:00 საათიდან 2 იანვრის 23:00 საათამდე და 13 იანვრის 21:00 საათიდან 14 იანვრის 23:00 საათამდე), საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღესა (9 აპრილი) და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეზე (26 მაისი). ზემოაღნიშნული მუხლის მიზანს წარმოადგენს ხმაურის თავიდან აცილება ღამის საათებში, თუმცა  საინტერესოა ისიც, რომ აღნიშნული მუხლის აღსრულება, როგორც წესი მასშტაბური ფორმით არ ხორციელდება. ძალიან ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც პიროტექნიკური ნაკეთობა არასადესასწაულო დღეებში გამოიყენება, კანონით განსაზღვრული ვადის დარღვევით, თუმცა მას შესაბამისი ორგანოების რეაგირება არ მოყვება. აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ დაბადების დღეების თუ სხვა სასიხარულო მოვლენების ფეერვერკით აღნიშვნის გამო ვარღვევთ კანონს, მაინც დაუსჯელები ვრჩებით.

Comments

Popular posts from this blog

გვაქვს თუ არა პნევმატური იარაღის ტარების უფლება?!

ჩვილი გვარის გარეშე?