რატომ ჯობს ავარიისას პატრულის გამოძახებას,,ჯიგრულად“ მოგვარება?!
რატომ ჯობს ავარიისას პატრულის გამოძახებას,,ჯიგრულად“
მოგვარება?!
საქართველოში ავტოავარიები თითქმის ყოველდღე ხდება.
ძნელად თუ მოიძებნება ქვეყანაში ადამიანი, რომელსაც თუნდაც ერთხელ მაინც არ მოსვლია ავტოსაგზაოსაგზაო შემთხვევა. იმ შემთხვევაში
თუ თავად ჩვენ არ შეგვმთხვევია ავარია, ჩვენი მეგობარი, ახლობელი ან თუნდაც ნათესავი მაინც
დამდგარა ამ პრობლემის წინაშე. ამ სტატიაში შევეხებით ავტოსაგზაო შემთხვევების ისეთ
შემთხვევებს, რომლის დროსაც ზიანი ადგება მხოლოდ ავტომობილებს და არა მძღოლს, მგზავრებს
ან ნებისმიერ სხვა ადამიანს. აღნიშნული საკითხი სხვა სახის მსჯელობას მოითხოვს და დაინტერესების
შემთხვევაში ამაზეც შეგვიძლია ინფორმაციის
მოწოდება.
ქართულ
რეალობაში ავტოსაგზაო შემთხვევისას პრობლემის ესკალაციის ყველაზე პოპულარული მიმართულებაა
საქმის ,,ჯიგრულად“ მოგვარება, რადგან ყველამ იცის, რომ ,,თუ პატრული შემთხვევის ადგილას მივიდა, ყველას პრობლემები
შეექმნება, პოლიცია აუცილებლად დააჯარიმებს
სამართალდამრღვევს, ეს კი გამოიწვევს მის უარყოფით დამოკიდებულებას, გაბრაზებას და
საბოლოოდ შეიძლება დაზარალებულს აღარ აუნაზღაუროს მიყენებული ზიანი, პოლიცია კი, მხოლოდ
ჯარიმას გამოწერს და ამით შეასრულებს თავის მოვალეობას, ამიტომ ჯობს პოლიციის გამოძახების გარეშე ჯიგრულად მოგვარდეს
ყველაფერი“- ამგვარი დამოკიდებულებით, მხარეები იმედოვნებენ, რომ პოლიცია ვერაფერს
გაიგებს თუ დატოვებენ შემთხვევის ადგილს დროულად და ფიქრობენ, რომ სამართალდამრღვევი
თავს დააღწევს ავტოსაგზაო შემთხვევის გამოწვევისათვის დაჯარიმებას, აგრეთვე ორივე მხარე
თავს აარიდებს შემთხვევის ადგილის მიტოვებისთვის განსაზღვრულ 250 ლარიან ჯარიმას. იმ
შემთხვევაშიც კი თუ მათი ეს იმედები გამართლდა, დაზარალებული ვერც კი წარმოიდგენს რა
სამართლებრივი შედეგი შეიძლება მოჰყვეს მის დათანხმებას ,,ჯიგრულ მოლაპარაკებაზე“ თუ
ეს მოლაპარაკება ჩაიშალა. აქვე აღვნიშნავ,რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული
მანქანის შეკეთებისათვის ავტოხელოსანი დაჯარიმდება 1000 ლარით, თუმცა აღნიშნული, როგორც
ყოველთვის, არცერთ მხარეს არ ადარდებს.
,,ჯიგრულად მოგვარების“ დადებითი თვისება ის არის,
რომ თუ ზიანის მომყენებელი ასრულებს ,,კაცურ სიტყვას“, მაშინ ყველაფერი სწრაფად და
უპრობლემოდ გვარდება, დამრღვევი აანაზღაურებს ზიანს და ორივე მხარე თავს აარიდებს სასამართლოში
ფულის ფლანგვას და ხანგრძლივ პროცესებს, რომლებიც სასამართლოს გადატვირთულობის გამო
წლობით გრძელდება და ხშირად იმ ზომამდე მიდიან მხარეები, რომ უკან გამოაქვთ სარჩელი,
რადგან კარგავენ ინტერესს. ამ ყველა სიკეთესთან ერთად, სამართალდამრღვევი არ ჯარიმდება
,,ტყუილ-უბრალოდ“, რაც მისთვის დამატებითი სტიმულია, რომ ,,ჯიგრულად“ მოგვარდეს ყველაფერი.
პრობლემა მაშინ იჩენს თავს, როდესაც სამართალდამრღვევი არ უკეთებს დაზარალებულს მანქანას
ან არ აძლევს ფულს რემონტისთვის, ამ დროს წარმოიშობა კონფლიქტური სიტუაცია და როგორც
ყოველთვის, ეს ყველაფერი მთავრდება ერთმანეთის სიტყვიერი შეურაცხყოფით, უარეს შემთხვევაში
კი ცემა-ტყეპით, რასაც შეიძლება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაც კი მოყვეს.
მოტყუებულ დაზარალებულს, მაინც რჩება შანსი, წავიდეს სასამართლოში და საქართველოს სამოქალაქო
კოდექსის 992 და 999 მუხლების კონბინაციით მოსთხოვოს ზიანის ანაზღაურება დამრღვევს,
თუმცა ამ შემთხვევაში მოსამართლეს უფლება აქვს პოლიციას შეატყობინოს სამართალდარღვევის
შესახებ და თავად დაზარალებულსაც დაეკისროს 250 ლარიანი ჯარიმა ავარიის შემდგომ მანქანის
გადაადგილებისა და პოლიციისთვის შეუტყობინებლობისათვის. გარდა ამისა ძალიან დიდია ალბათობა
იმის, რომ დაზარალებულმა საერთოდ ვერ დაამტკიცოს, უშუალოდ ამ კონკრეტულმა პირის მიერ
ზიანის მიყენება, რადგან მას არ აქვს პოლიციის მიერ შედგენილი რეაგირების ოქმი ან სამართალდარღვევის
აქტი(ჯარიმის ქვითარი) ზიანის მომყენებლის წინააღმდეგ, რომელიც საკმაოდ წონადი მტკიცებულება
იქნებოდა მის სასარგებლოდ. (ექსპერტიზის დასკვნით შესაძლებელია დადგინდეს დაეჯახა თუ
არა რომელიმე კონკრეტული მანქანა დაზარალებულის მანქანას მაგრამ ხშირია შემთხვევები,
როდესაც აღნიშნული ვერ დასტურდება)
რა მოხდებოდა მაშინ თუ მხარეები გამოიძახებდნენ პოლიციას?
იმ შემთხვევაში, თუ გამოიძახებდნენ საპატრულო პოლიციის
ეკიპაჟს და არ მიატოვებდნენ ან შეცვლიდნენ შემთხვევის ადგილს(მანქანებს არ გადააადგილებდნენ),
სამართალდამღვევს დაეკისრებოდა ჯარიმა და შედგებოდა სამართალდამრღვევის მიმართ სამართალდარღვევის
აქტი. ალბათ იკითხავთ, თუ რაში გამოადგებოდა დაზარალებულს ეს ყოველივე?! ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის მე-40 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აქტი მისი შედგენიდან 10 დღის ვადაში დაზარალებულს უფლება
აქვს მიმართოს პოლიციას განცხადებით და წარუდგინოს ექსპერტის დასკვნა და მოითხოვოს
სააღსრულებო ფურცლის გაცემა. სამართალდარღვევის შემთხვევიდან ოპტიმალურ ვადაში, (გააჩნია
იმას, თუ როდის შეიტანთ განცხადებას და ასევე იმას გაასაჩივრებს თუ არა სამართალდარღვევის
აქტს ზიანის მომყენებელი) პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომელი გამოსცემს სააღსრულებო
ფურცელს, რომელიც პირდაპირ სასამართლოს გარეშე მიაქვს დაზარალებულს აღსრულების ეროვნულ
ბიუროში და სასამართლოს ხანგრძლივი პროცესების გარეშე პირდაპირ აღსრულდება, დაზარალებულს
ჯერ ნებაყოფლობით დაევალება ზიანის ანაზღაურება გონივრულ ვადაში, ხოლო უარის შემთხვევაშ
ეს ყოველივე დასრულდება მისი ქონების (უპირატესად იმ მანქანის, რომლითაც დაგვეჯახა)
დაყადაღებით და რეალიზაციით, რათა დაკმაყოფილდეს დაზარალებულის მოთხოვნა. თუ პოლიციას
არ მიმართავს დაზარალებული, მაშინ როგორც ზემოთ ვახსენე, მას აქვს უფლება სამოქალაქო
კოდექსის 992-999 მუხლებით მოითხოვოთ ზიანის ანაზღაურება, თუმცა ამ შემთხვევაში გაცილებით
ადვილად დაადასტურებს ზიანის მოყენების ფაქტს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აქტის
არსებობის გამო.
უნდა
გვახსოვდეს რომ !!! იმ შემთხვევაში,
როდესაც ავტოსაგზაო
შემთხვევის შემდეგ, მხარეები არ რიგდებიან ან/და არ ეთანხმებიან საჯარიმო
ქვითარს, პოლიცია უფლებამოსილია საჯარიმო სადგომზე
გადაიყვანოს მანქანები. თუ დაზარალებული
უარს იტყვის მანქანის გადაყვანაზე, ან საექსპერტო შეფასებამდე საჯარიმო სადგომიდან
გაიყვანს მანქანას მაშინ ის ვეღარ მოითხოვს სააღსრულებო ფურცელს პოლიციის
უფლებამოსილი თანამშრომლისგან და მოუწევს კვლავ სასამართლოში წასვლა და წლობით
სასამართლო წესით დავა (სასამართლოს გადატვირთულობის გამო). ამასთანავე,
სადგომიდან მანქანის საექსპერტო დასკვნის მომზადებამდე გაყვანის შემთხვევაში, სამართალდამრღვევთან
ერთად მასაც დაეკისრება საჯარიმო სადგომის ხარჯები .
საბოლოოდ, დასკვნის სახით გვინდა გითხრათ, რომ: ,,ჯიგრულად მოგვარების“ შემთხვევაში, დაზარალებული გაკრვეულწილად რისკავს, რადგან თუ პოლიცია გაიგებს მომხდარის შესახებ, რომ სამართალდარღვევის ადგილი მან დატოვა, მას დაეკისრება 250 ლარიანი ჯარიმა, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ბრალი არ მიგიძღვით ავტოსაგზაო შემთხვევის გამოწვევაში, ასევე 1000 ლარით დაჯარიმდება ის ხელოსანი, რომელიც ამგვარი შემთხვევის შედეგად დაზიანებულ მანქანას ,,ჩუმად“ შეაკეთებს. საქმის ,,ჯიგრულად მოგვარების“ ჩაშლის შემთხვევაში მოგიწევთ სასამართლოს ძალით დაუსრულებელ პროცესებში მონაწილეობის მიღება, დაგეკისრებათ 250 ლარიანი ჯარიმა,მიუხედავად იმისა,მოიგებთ თუ წააგებთ სასამართლო პროცესს, დაკარგავთ სასამართლო პროცესისთვის ისეთ მნიშვნელოვან და უტყუარ მტკიცებულებას, როგორიცაა პოლიციის რეაგირების ოქმი. ხოლო პოლიციაში დროულად დარეკვის და ავარიიდან 10 დღის ვადაში სააღსრულებლო ფურცლის მოთხოვნის შემთხვევაში არანაირი ჯარიმა არ დაგეკისრებათ და ოპტიმალურ დროში გარანტირებულად აგინაზღაურდებათ ზიანი, სასამართლო პროცესის გარეშე.
ის თუ რომელ გზას აირჩევთ , მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია.
Comments
Post a Comment